გონიოს ციხის ტერიტორიაზე ​იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს

05 ივლისი 2019, 10:52 7037 ნახვა

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობანი, ამფორების, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნები აღმოაჩინეს.

ნაპოვნია ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი და ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც, სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს.

ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომაული ეპოქის მესამე საუკუნის ნაგებობათა ნაშთებს სწავლობენ.   

მეორე უბანზე, ასევე რომალური ეპოქის, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის 1-2 საუკუნის შენობის ნანგრევებს აკვირდებიან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიზანტიური და რომაული პერიოდის კულტურული ფენების შესწავლა მიმდინარეობს, გამოიკვეთა ამ ეპოქის კედლები და ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკი.

მეოთხე უბანი მდებარეობს ციხის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში სადაც, გასულ წელს აღმოჩნდა გარნიზონის მეთაურის სასახლე და აბანოს ნაშთები მოზაიკური იატაკით. დაწყებულია თხრილების გაფართოება აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით გვერდითი მინაშენებისა თუ სხვა ტიპის ნაგენობათა შესწავლა.

გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. 

პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები, დასრულდა ციხის ორი კოშკის სარესტავრაცია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში