უწყლობის გამო, ცეცხლაურის ბაღში სწავლა შეწყდა

15 ოქტომბერი 2019, 18:00 1775 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ერთი კვირაა წყალი არ არის. ადგილობრივები წყალს ჭიდან იღებენ, სასმელს კი ყიდულობენ. პრობლემა ახალი არ არის, სასმელი წყალი მათ ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში, პერიოდულად არ მიეწოდებათ, თუმცა ბოლო ერთი კვირა სოფელში წყალი საერთოდ არ მოსულა. 

''შვიდი დღეა სოფელში წყალი არ გვაქვს, რომ ვიკითხეთ გვითხრეს წყლის მოტორის ნაწილი არის დაზიანებული და თბილისიდან ჩამოტანას ველოდებითო. შემდეგ ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და აღმოჩნდა, რომ ახლა სხვა დეტალია დაზიანებული, ''სალნიკებმა'' გაუშვაო. მთელი სოფელი შევიკრიბებით და ჩავალთ ქობულეთის გამგეობასთან. გავმართავთ აქციებს. მთავრობაა დამნაშავე.'' - გვეუბნება ნათელა შაინიძე. 

წყლის პრობლემის გამო, ცეცხლაურის  ბაღში სააღმზრდელო პროცესიც შეწყდა. ადგილობრივები ამბობენ, სოფელში გაუსაძლისი მდგომარეობაა. 

''საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სამი დღე არ ჩატარებულა, მშობლებმა პატარები ბაღში მიიყვანეს და აღმზრდელებმა უკან გამოატანეს, წყალი არ გვაქვსო.  როგორ შეიძლება ბაღს არ მიეწოდებოდეს სასმელი წყალი'' - უყვება აჭარის მაუწყებელს სოფელ ცეცხლაურის მკვიდრი.

ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან  განახლდება.

სოფლის წყლის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლაურს დღის ბოლოს ჩაურთავენ წყალს.

''დღეს შეკეთდა სათავე ნაგებობაზე ტუმბო და საღამოს უკვე ოჯახებში იქნება წყალი'' - ამბობს სულიკო თხილაიშვილი სოფლის წყლის ხელმძღვანელი.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში