რა შემთხვევაში არ დაიშვებიან აირბალონებზე მომუშავე ავტომანქანები ტექნიკურ ინსპექტირებაზე

10 იანვარი 2020, 14:43 2865 ნახვა

გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

გათხევადებული აირის აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატები აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაიცემა. 

ამასთან, გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ვადებშია აუცილებელი, კერძოდ: აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება მისი დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია.  

თუ ინსპექტირების ცენტრი ისეთი აირბალონის ინსპექტირებას მოახდენს, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა ჯერ გასული არ არის ინსპექტირების ცენტრის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება.

რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება.

ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, თუ აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აირბალონისა და მისი მოწყობილობის  სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატების მოპოვებას.

ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. მათი მისამართებია:

შპს „გაზ კონტროლი“ -- ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №67  

შპს „გიომოტორსი“ -- ქ. გორი, სუხიშვილის ქ №63  

შპს "გიომ-1" -- ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ. №32     

შპს "ჰესლერი" -- ქ. თბილისი გიორგი მდივანის პირველი შესახვევი №10 

შპს "გარეჯი 2010" -- საგარეჯო, დოდაშვილის ქ. № 13

შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: თელავის რაიონის სოფ. ნასამხრალი

შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: წნორი, ქიზიყის ქ. № 55  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში