ბათუმის განვითარებას საინვესტიციო გარემო განსაზღვრავს - ბათუმის მერი

20 იანვარი 2020, 16:10 1549 ნახვა

"ჩვენ ძალიან ხშირად ნეგატიური და უარყოფითი კონტექსტით ვიყენებთ სიტყვებს ცათამბჯენი, ნებისმიერ მშენებლობას რატომღაც აეკრა იარლიყი ჩაბეტონება. უნდა გავიგოთ ერთი რაღაც, რომ ბათუმის ხვალინდელი დღე ეს არის განვითარება, ეს არის მოსახლეობის გაზრდა, ეს არის ახალი ეკონომიკური ცენტრების შექმნა, ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარება, ბაზარი და საინვესტიციო გარემო გვკარნახობს," -  ეს შეფასება ლაშა კომახიძემ ბათუმის ისტორიულ კონცხზე, რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

აქტივისტები და სპეციალისტები კი სწორედ იმას ედავებიან თვითმმართველობას, რომ საინვესტიციო გარემო და პროექტები ქალაქს აზარალებენ.

ქალაქის იდენტობისა და ისტორიული ნაწილის დაცვას, კომერციული პროექტების უხეში ჩარევებისგან, კანონი არეგულირებს. მათ გაფრთხილებას თვითმმართველობებს ავალდებულებს - კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ​საერთაშორისო პრაქტიკა და კონვენციები. 

გარდა ამისა, არსებობს გენერალური განვითარების გეგმა და სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, მათ შორის ფუნქციური ზონები, რომლებიც წინასწარ განჭვრეტადს ხდის თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ბათუმს გენერალური განვითარების გეგმა უკვე წლებია არ აქვს. განაშენიანების გენერალური გეგმის მიღებას მესამე სექტორი დიდი ხანია ითხოვს, რომლის შემუშავების პირობა ლაშა კომახიძემ მერად არჩევის შემდეგ დადო. 

ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ რივიერას პროექტი ქალაქის მომავალს და განვითარებას სჭირდება. საზოგადოებაში არსებულ კითხვებს კი საკმარისი პასუხები გასცეს. 

''რივიერასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აბსოლუტურად ამომწურავად, ყველა დონეზე გაეცა პასუხი, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის პროტესტს, თუმცა კონკრეტულ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორად. ეს არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის, როგორც ტურისტული, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. 

შეუძლიათ საკითხი სასამართლოში გაასაჩივრონ, ჩვენ მზადა ვართ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში იყო მიღებული, არის ქალაქისთვის საკეთილდღეო, აუცილებელი მისი მომავლისათვის, ხვალინდელი დღისათვის. 

რაც შეეხება გაპროტესტების ჯგუფს, ეს არის მცირერიცხოვანი ადამინების ჯგუფი. ვიცი რა არგუმენტებითაც ხელმძღვანელობენ ისინი. გადაწონა არა ბიზნეს ინტერესებმა, პირადად ჩემთვის გადაწონა ქალაქის ხვალინდელმა დღემ. იმ პერსპექტივამ, რომელსაც ქალაქს მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროექტები აძლევს. 

ჩვენ ძალიან ხშირად ნეგატიური და უარყოფითი კონტექსტით ვიყენებთ სიტყვებს ცათამბჯენი, ნებისმიერი მშენებლობას რატომღაც აეკრა იარლიყი ჩაბეტონება. უნდა გავიგოთ ერთი რაღაც, რომ ბათუმის ხვალინდელი დღეს ეს არის განვითარება, ეს არის მოსახლეობის გაზრდა, ეს არის ახალი ეკონომიკური ცენტრების შექმნა, ახალი საინვესტიციო პროექტების განვითარება, ბაზარი და საინვესტიციო გარემო გვკარნახობს. რეგიონი არაერთხელ დაჯილდოვდა მსგავსი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. 

ყველა ის კვლევა, რომელიც წარმოდგენილია კანონთან შესაბამისობაშია. ეს კვლევები მომზადებულია ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ვინმე თუ ფიქრობს სხვაზე ნაკლებად გვანაღვლებს, ან პირადად მე მანაღვლებს იმ საკითხებზე პასუხის გაცემა, რამდენად შესაძლებელია გეოლოგიური თვალსაზრისით, თუ სხვა მიმართულებით აშენდეს მსგავსი ტიპის შენობები, ძალიან ცდება. მე ვერ ვხედავ შემაფერხებელ გარემოებებს და პირობებს. შესაბამისად მიღებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია. მეხუთე კლასის ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა ეკონომიკის სამინისტრომ" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში