აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებებით, საეთერო ბადე უკიდურესად გაღარიბდა - ალტერნატიული პროფკავშირი 

03 აპრილი 2020, 12:20 1477 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ  23 მარტიდან, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე რადიკალურად შეიცვალა და გაღარიბდა.

გაერთიანების წევრები დირექტორს  მიმართავენ და შეჩერებული გადაცემების აღდგენისკენ მოუწოდებენ. მათ შორისაა გადაცემა ჰეშთეგი, რომელსაც დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.  

პროფკავშირების წევრებს მიაჩნიათ, რომ დირექტორის გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

'' მიმდინარე წლის 23 მარტიდან, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე რადიკალურად შეიცვალა. გადაცემათა სრული უმრავლესობა შეჩერდა განუსაზღვრელი ვადით. ამგვარი ქცევის ოფიციალურ მოტივად კორონა ვირუსის პანდემია და შესაბამისად - დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დასახელდა [თუმცა, გამოვთქვამთ გონივრულ ეჭვს სხვა მოტივების არსებობის შესახებ და ამაზე განცხადების ქვედა ნაწილში მოგახსენებთ].

მიუხედავად იმისა რომ სრულად ვაცნობიერებდით არსებული ვითარების სერიოზულობას, იმთავითვე გამოითქვა მზაობა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ. შეჩერებულ გადაცემათა დიდ ნაწილს [თუ ყველას არა] ხელეწიფებოდა ფორმატის მოდიფიცირება და მაყურებლისთვის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილებით შემოქმედებით გადაცემებს შორის #ჰეშთეგი გამოირჩეოდა. ჰეშთეგის გუნდის სახელით შესაბამისი განცხადება/მიმართვა 23 მარტსვე გავრცელდა, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზადყოფნა სახეცვლილი ფორმით ეთერში დარჩენის თაობაზე [სამწუხაროდ, მოსალოდნელი შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა].

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 2 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის სახელით მენეჯმენტს ჩაბარდა საგაფიცვო დოკუმენტი, რომლის უმთავრეს მოთხოვნებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მექანიზმების შემუშავება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და იმ მოცემულობის აღდგენა იყო, რომელიც საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცებამდე მოქმედებდა [მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნებოდა მთავარი გამოშვების რედაქტორის/სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შორენა ღლონტი - ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციას].

საგაფიცვო დოკუმენტის შემუშავება-ჩაბარება ნიშნავს მენეჯმენტთან კოლექტიური დავის დაწყებას, ხოლო დოკუმენტის ჩაბარებიდან 21 დღის შემდეგ, დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ავტომატურად წარმოეშვებათ; შესაბამისად, გაფიცვის უფლება 23 მარტს წარმოიშვა [ზუსტად ამ დღიდან გააჩერეს გადაცემათა სრული უმეტესობა], თუმცა, მანამ, ქვეყანაში არსებული კრიზის ფონზე დასაქმებულებმა თავადვე თქვეს [დროებითი] უარი ამ უფლების გამოყენებაზე და დაელოდნენ მედიაციის პროცესს. მედიაციის პროცესი თავის მხრივ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად მედიატორის დანიშვნას. მას შემდეგ რაც მედიატორთან ინდივიდუალური დისტანციური კომუნიკაცია შედგა და დაიწყო ერთობლივი შეხვედრის სამზადისი, მაუწყებლის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. მისი მხრიდან, უარის მოტივად საგაფიცვო მოთხოვნების არარელევანტურობა დასახელდა.

მიგვაჩნია, რომ დირექტორის მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას. კერძოდ: დირექტორს საგაფიცვო დოკუმენტი 2 მარტს ჩაბარდა და მას საკმაო დრო ჰქონდა მის გასაცნობად თუმცა, მან მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მედიაციაზე უარის თქმა [და დოკუმენტის არარელევანტურად ცნობა], როდესაც ეთერიდან გადაცემების მოხსნის თარიღი მოახლოვდა და შესაბამისად, ნათელი გახდა რომ დასაქმებულებს აღარ ექნებოდათ ხელთ გაფიცვის მთავარი ბერკეტი - სატელევიზიო ეთერი [ამ ეტაპისთვის, გაცხადებული იყო რომ დასაქმებულები არ გაიფიცებოდნენ, მაგრამ დირექტორი გაფიცვის თეორიულ შესაძლებლობასაც კი დაუპირისპირდა მოლაპარაკებების დაწყების ნაცვლად]. მედიაციაზე უარის თქმა პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ დირექტორი არ ცნობს ადეკვატურად დასაქმებულთა საჭიროებებს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი მაუწყებლის თანამშრომლების სათქმელი და ის ბოროტად იყენებს მინიჭებულ ძალაუფლებას/არსებულ ვითარებას ალტერნატიული პროფესიული კავშირის წინააღმდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე უკიდურესად გაღარიბდა. ის, ვერ პასუხობს საზოგადოების მინიმალურ საჭიროებებს ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით, დაინტერესებული აუდიტორიისთვის შესაბამისი მოცულობით არ არის წარმოდგენილი არსებული ვითარების სოციალურ-ანალიტიკური პერსპექტივები, ხოლო საეთერო ბადეში არ აისახება მოქალაქეთა წინაშე წარმოქმნილი როგორც ყოველდღიური, ისე - სამომავლო პრობლემები სიღარიბის, უთანასწორობისა და დასაქმების კუთხით; ასევე, არ ჩანან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები ან ჯგუფები, რომლებსაც დამატებითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უმძიმთ კრიზის გადატანა.

ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა ახლა იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარად ორგანიზებული საეთერო ბადე, აღვივებს მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას. ზუსტად ახლა არსებობს იმის ისტორიული შანსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, მთელი თავისი ძალისხმევა და სახალხო ფინანსები მიმართოს ხალხისვე საკეთილდღეოდ, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები არათუ განამტკიცოს საკუთარ დამოკიდებულებებში, არამედ - დაარწმუნოს საწინაღმდეგოში.

მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს, - ა) უზრუნველყონ საეთერო ბადეში იმ შეჩერებული გადაცემების აღდგენა [მოდიფიცირებული ფორმატით], რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს და - ბ) მისცენ დასაქმებულებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე]. ამ ეტაპისთვის, მაუწყებლის ჟურნალისტების დიდ ნაწილს, მკაცრად აქვს შეზღუდული მაუწყებლის რესურსებთან [შენობა, ტექნიკური ბაზა და სხვა] წვდომა და შესაბამისად, ფიზიკურად ვერ ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას.

ისე, როგორც არასდროს - საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ზრუნავდეს ერთი მხრივ - მოქალაქეთა ინფორმირებაზე, ხოლო მეორე მხრივ - მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსავლის გზების ძიებაზე. კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული გადაცემები დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს საგანგებო ვითარების ფონზე, ისინი არ იქნება გამოყენებული საგაფიცვო მიზნებისთვის'' - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში