აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი თანადაფინანსებით სახლს შეიძენს

25 მაისი 2020, 12:59 1512 ნახვა

აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინას შეუძენენ. მოქალაქეები ახალი საცხოვრებელი ფართის ყიდვას,  ''ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით შეძლებენ.

საკითხი, შერეულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. აღნიშნული ოჯახებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 159104 ლარი გამოიყოფა. 

,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი 2 500 000 ლარს შეადგენს.

პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თორმეტივე ოჯახი უკვე შერჩეულია. მათ უწყებაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს. 

შერჩეულ ბინასა თუ სახლს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამოწმებენ, შემდეგ უკვე იუსტიციის სახლში ხდება ქონების რეგისტრაცია. თანხას კი სამინისტრო არა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, არამედ გამყიდველს ურიცხავს. 

მოქალაქეებს უფლება აქვთ საცხოვრებელი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეარჩიონ. 

თორმეტივე ოჯახი სტიქიის შედეგად არის დაზარალებული, მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისია. ერთი ოჯახი ქობულეთში ცხოვრობდა, დანარჩენი 11 კი შუახევსა და ხულოში. 

 ''ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის'' პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში