ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია - პრეზიდენტი

26 მაისი 2020, 11:24 1309 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ვაზიანის ბაზიდან მიულოცა. მისი განცხადებით, ეს არის უჩვეულო 26 მაისი, როდესაც საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია პანდემიით

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ მსოფლიოს გამძლეობის და წარმატების მაგალითი მისცა.

''ეს გამოწვეული იმ კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ვირუსის გამო ვიმყოფებით.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. 

დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს  ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი, რაც ჩვენი გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ.

როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ნათლად ჩანს რა როლი ითამაშა პროფესიონალიზმმა. მთავრობამ დროულად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი. მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მაღალ დონეზე შეასრულეს ვალდებულება. საზოგადოებამ კი გამოავლინა თავისი სიმწიფე. 

ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არცერთ ეტაპზე დემოკრატიის პრინციპები არ დაურღვევია. ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენ შემთხვევაში მინიმუმად იქნა დაყვანილი. ​გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივად და სადაც სავალდებულო იყო. არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის, არც აღმსარებლობის თავისუფლება. 

ჩვენ დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. დროულად გაუქმდა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ  ქვეყნებს ავტორიტატულისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით რომ საზოგადოებას გაიზარა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. 

ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს, ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და უფრო რთულ ფაზაში. ვირუსი დამარცხებული არ არის, ახლა დაგვჭირდება ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში