დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს - გახარია

30 ივლისი 2020, 16:04 1507 ნახვა

დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კონგრესმენების წერილს ეხებოდა. კონგრესმენებმა წერილში საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებაზე ისაუბრეს და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიეს.

„პირველ რიგში, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც  აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები. ამიტომ, იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული, რომლის ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც.

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი და ჩემი დანახული რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. რაც შეეხება სუბიექტურ რეალობას და რეალობის მოდელირებას, სუბიექტური რეალობის მოდელირებით, ზოგიერთები რომ ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება“ და მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო.

ამიტომ, ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება. ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი ემუქრება, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ამერიკელებიც თავიანთ ვალდებულებებს, საინვესტიციო, თუ სხვა სახის ვალდებულებები იქნება, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას, უნდა გვიხაროდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო ჩემთვის არა, მარტო მთავრობისთვის ან მარტო მმართველი პარტიისთვის არა, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ, განსაკუთრებით რაღაც გამოგონილი შეკითხვებით. რატომ არ უნდა შევუქმნათ იცით? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

​აღნიშნული კითხვის დასმა ჟურნალისტებმა სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრის დროსაც სცადეს, მაშინ გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

მაცადეთ ახლა, ჩემთვის ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები, სადაურიც არ უნდა იყვნენ, მაცადეთ. სტიქიაა, მადლობა ღმერთს, გადავრჩით”, – აღნიშნა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში