აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება 

31 ივლისი 2020, 11:26 5746 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გადადგა და მას ნინო ნიჟარაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ნინო ნიჟარაძე მინისტრის პირველი მოადგილე იყო. დღეს ის მთავრობის სხდომას უკვე ახალი სტატუსით ესწრებოდა. ზაალ მიქელაძე ''ქართული ოცნების'' კვოტით, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. დღეს მან მუშაობის ოთხი წელი შეაჯამა. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ნინო ნიჟარაძე გამორჩეული ეპიდემიოლოგი და პროფესიონალია. 

''აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უკვე წარმოადგინა მუშაობის ოთხი წლის ანგარიში. მინდა მადლობა ვუთხრა გაწეული საქმიანობისთვის და ასევე წარმატება ვუსურვო იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარალი ნდობით  შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. 

რაც შეეხება მინისტრს, ეს იქნება ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, რომელსაც ყველანი კარგად იცნობთ. ის გახლავთ მინისტრის პირველი მოადგილე.  შესაბამისად მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბოლო პერიოდში, კოვიდ-19-თან ბრძოლის პერიოდში. ის არის გამორჩეული პროფესიონალი და ეპიდემიოლოგი. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი გუნდისთვის. ორმაგად მისასალმებელია, რომ  მთავრობის შემადგენლობაში ქალების რიცხვი იზრდება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნინო ნიჟარაძე 2012-2017 წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი ცენტრის ხელმძღვანელი.  2018 წლიდან იგი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში