შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი: 1972 წელს დაბადებული თ.ს. და 1985 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ყუმბარმტყორცნი, ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 777 ვაზნა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
