ბათუმი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა

30 სექტემბერი 2022, 11:43 223 ნახვა

ბათუმი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში თავისუფალ სივრცეში გაიმართა ფილმის ჩვენება კლიმატის ცვლილების შესახებ. მოეწყო ველომსვლელობა და გამწვანების აქცია ცენტრალურ პარკში.

„მერების შეთანხმების“ ხელმოწერით აღებული ვალდებულების მიხედვით, ბათუმმა შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი - მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ბათუმში არაერთი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. მათ შორის: ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით.

გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბათუმი გახდა საქართველოში პირველი ქალაქი, სადაც  ნულოვანი გამონაბოლქვის ელექტროავტობუსები მოძრაობს. 

დაიწყო განათების მოდერნიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს წლის ბოლომდე, ქალაქის მასშტაბით 15000-მდე ენერგოეფექტური LED განათების მონტაჟს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში