გამორიცხული არ არის დამნაშავეთა წრე გაიზარდოს - პროკურატურა ე.წ ბატუტის გადაბრუნების საქმეზე

10 მაისი 2023, 13:25 778 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბულვარში ბატუტის გადაბრუნების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაცვის მხარე ედუარდ აბრამიანის გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის განმარტებით, არ არსებობდა სხვა დანაშაულის ჩადენის საშიშროება. ადვოკატის მტკიცებით,  დაკავებულის მეუღლეს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და მუდმივი ყურადღება სჭირდება.

სასამართლომ ორივე მხარის მტკიცებულებები მიიღო, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გათავისუფლების საკითხი არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განმარტებით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

სასამართლოზე ითქვა, რომ ედუარდ აბრამიანს იჯარით ჰქონდა ტერიტორია აღებული, სადაც ატრაქციონებს ამუშავებდა და პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების დაცვაზე.

გამოძიების მტკიცებით, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი