ბათუმმა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ფეხბურთში, ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის სახელობის თასის მედია-ტურნირის ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციას ქართველ სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად, რვა ქვეყნის სპორტული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაცვლასთან ერთად, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ჟურნალისტთა გაცვლით პროგრამას და არაერთი სიახლის დანერგვას ითვალისწინებს.
კონფერენცია საქართველოსა და აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციების, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.