გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 235 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 82 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 77 - იმერეთში, 56 - ქვემო ქართლში, 48 – მცხეთა-მთიანეთში, 45 - შიდა ქართლში, 37 - აჭარაში, 22 - სამცხე-ჯავახეთში, 13 - კახეთში, 5 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
"სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, 9 ფაქტია აღკვეთილი.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 566 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 32 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 22 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 7 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით - ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 558 „მანოკი“.
ამავე პერიოდში ასევე გამოვლენილია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების, მაგალითად დათვისა და არჩვის უკანონო მოპოვების ფაქტებიც. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი.
უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს"- განმარტავენ უწყებაში.