ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ.
შტაბის მიზანია ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად აღება, დაბინავება და რეალიზაციის პროცესის გამართულად განხორციელება. მინისტრი მეციტრუსე ფერმერებსაც შეხვდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი საწარმო დაფარავს, რის შედეგადაც გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება. აჭარაში წელს ციტრუსის 60-65 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.
საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში არსებული ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით განახორციელებს. შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს.
დავით სონღულაშვილმა ასევე მოინახულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე კომპანია Georgian Fish and Caviar, რომელიც ზუთხის საშენი მეურნეობას ფლობს. მეურნეობაში ყოველწლიურად დაახლოებით 200,000 ცალი ზუთხი იწარმოება, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
კომპანიამ არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.
2013 წლიდან დღემდე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში მეთევზეობის განვითარების მიზნით გაცემულია 155 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 1,694 სესხი.