რატომაა სახიფათო სილამაზის კონკურსები სკოლებში - "შესაძლოა, საქმე გვქონდეს ნაადრევ სექსუალიზირებასთან"

07 მაისი 2019, 12:36 5591 ნახვა

სილამაზის კონკურსი ბავშვებისთვის - სკოლებში კვლავ ჩნდებიან სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეებს სილამაზის კონკურსში მონაწილეობას სთავაზობენ. ჩვეულებრივი პრაქტიკა საქართველოში, განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. საუბარია 16 წლამდე მოზარდებში, ამ ტიპის კონკურსების ჩატარებაზე.  

კონკურსებს დადებითი შედეგი არასდროს აქვს - გაცნობიერებული, თუ გაუცნობიერებელი ფაქტორებით კი ბავშვები ხშირად ხდებიან სუბიექტური შეფასებების მსხვერპლნი. მთავარი პრობლემა „ლამაზად“ თუ „შეუხედავად“ მიჩნეული ბავშვების „გამარჯვების“, თუ „დამარცხების“ შემდეგ მიღებული სტრესის დაძლევაა. სტრესი კი მაშინ იწყება, როდესაც სააგენტოს წარმომადგენლები კლასში საინფორმაციო ბუკლეტებსაც კი მხოლოდ მათთვის „საინტერესო ბავშვებს“ ურიგებენ.  

ბულემია ან ანორექსია, თვითშეფასების დაკნინება ან გადამეტებული შეფასება, არასწორი ღირებულებები - ფსიქოლოგი ქეთევან დევაძე ამბობს, რომ მშობლები უნდა დავფიქრდეთ, რას აძლევს ან რა რისკები აქვს ასეთ კონკურსებს ჩვენი შვილებისთვის. 

შესაძლოა, საქმე გვქონდეს ნაადრევ სექსუალიზირებსათანაც, 

რაც გამოიხატება იმაში,  რომ გოგონები იცმევენ მაღალქულიანებს, იპრანჭებიან...  

-  ბევრი სტატია წავიკითხე დღეს ამ თემის ირგვლივ, ბევრი ქვეყანა ებრძვის სილამაზის კონკურსებს, ზოგადად სილამაზის დამკვიდრებული კრიტერიუმების გაქარწყლება სურთ. რას ფიქრობთ სკოლებსა და ბაღებში სილამაზის კონკურსების შესახებ? 

- დავიწყოთ იმით, რომ უნდა დავფიქრდეთ, რას აძლევს ეს კონკურსები ბავშვებს, რითი ეჯიბრებიან ისინი ერთმანეთს, რა არის სილამაზე და რას ვასწავლით შვილებს, ბავშვებს.  ჩვეულებრივ მშობლები, სკოლები, მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ ბავშვები შეეჯიბრონ ერთმანეთს იმით, რაც მათი მონაპოვარია. რასაც მისი შრომით მიაღწიეს, ან მათი ნიჭიერების ხარჯზე. მაგალითად, კარგ ნიშანს იღებს ის, ვინც კარგად ამოხსნა მათემატიკის სავარჯიშო, ან კონკურსში იმარჯვებს ის, ვინც კარგად მღერის ან უფრო ნიჭიერია. 

ამ შემთხვევაში კი, ბავშვები ეჯიბრებიან ერთმანეთს იმით, რაც მათი მონაპოვარი არ არის, მათი შექმნილი არ არის. ეს თავშივე, უკვე არის არასწორ ღირებულებებზე აქცენტი მშობლების მხრიდან.

უფრო მეტიც, შესაძლოა, სილამაზის კონკურსებში ადრეული ასაკიდან ჩართვამ, მენტალური პრობლემებიც გამოიწვიოს ბავშვებში და ის გამოვლინდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, დაუვარდეთ თვითშეფასება, თვითრწმენამ დაიკლოს მათში, დამახინჯებულად დაიწყონ საკუთარი სხეულის შეფასება.

ასევე, გამოიწვიოს კვებითი დარღვევები გამოიწვიოს, როგორიცაა ანორექსია, ბულემია და სხვადასხვა დაავადებები. შესაძლოა, საქმე გვქონდეს ნაადრევ სექსუალიზირებსათანაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ გოგონები იცმევენ მაღალქულიანებს, იპრანჭებიან, ნაადრევ ასაკში სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ თავის მოსაწესრიგებლად. 

- რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვზე სილამაზის კონკურსებს? რა შეიძლება იყოს მისი დადებითი მხარე? 

- ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კონკურსი და ბავშვები ეჩვევიან იმას, რომ უნდა შეეჯიბრონ ერთმანეთს. ფიქრობენ, რომ ეს არის დღესასწაული, თითქოს კარგ დროს ატარებენ მოზარდები. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა კონკურსი ადრეულ ასაკში, ესეც არის დიდი სტრესი ბავშვებისთვის. სტრესია როგორც გამარჯვებულისთვის, ასევე დამარცხებულისთვის. პრობლემაა გამარჯვებული ბავშვებსაც, რადგან შესაძლოა, გადამეტებული თვითშეფასება ჰქონდეთ, და ის, რომ მათი გარეგნობაა მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ეს გარეგნობა მალევე დაკარგონ, შეეცვალოთ ვიზუალი, მათ კი გონიათ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ამგვარი გარეგნობა შეინარჩუნონ. 

- ერთ-ერთი ფსიქოლოგი წერდა, რომ შესაძლოა ბავშვებს სხვა საკითხებისადმი ინტერესი დაეკარგოთ? რას ფიქრობთ თქვენ? 

- ღირებულებების კუთხით თუ შევხედავთ ასეა. ბიძგს ვაძლევთ ბავშვს, რომ ჩამოუყალიბდეს არასწორი ღირებულებები. სილამაზის კრიტერიუმები დიდებშიც სადაოა, ბავშვებში მითუმეტეს. 

-  გქონიათ თუ არა ამ ტიპის მოზარდებთან შეხება. მუშაობდით თუ არა მათთან?

- პრაქტიკა ჩვეულებრივ ასეთია, ბავშვი განიცდის სტანდარტულად დამარცხების შემთხვევაში სტრესს. დამარცხება განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვისთვის, რადგან ამგვარ კონკურსებში, ძირითადად, ისინი ერთვებიან მშობლების წახალისებით. ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აზრი, ასე შეიძლება ვთქვათ რომ კონკურსში ერთვებიან იმიტომ, რომ დედის და მამის გული მოიგონ და ბრუნდება დამარცხებულ, რადგან იმედები ვერ გაუმართლა თავის მშობლებს. 

- რა გამოცდილება არსებობს მსოფლიოში ამ კუთხით?  

- ქვეყნებში, სადაც 16 წლამდე სილამაზის კონკურსები აიკრძალა, ძირითადი მოტივი იყო ბავშვთა უფლებები. ასევე, მაღალია რისკი იმისა, რომ გახშირდეს სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ამას კი ის განაპირობებს, რომ ბავშვის ფოტოები და ვიდეოები უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფართო მასებისთვის, მით უფრო, როცა აქცენტირებულია მათი გარეგნობა, როგორც დიდი ქალის ან კაცის.  ვფიქრობ, ჩვენს რეალობაში, კარგი იქნება ამ ქვეყნების გამოცდილება ჩვენთანაც დაინერგოს და გაითვალისწინონ ეს არგუმენტები.  

- რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და რა არის განათლების სამინისტროს როლი? დრეს სამინისტროში ამბობენ, რომ ეს სკოლის გადასაწყვეტია.  

ადრეულ ასაკში, გადაწყვეტილებას იღებს მშობელი. ხშირად ამბობენ, რომ ბავშვებს მოსწონთ პრინცესას როლი და პრინცესას სინდრომი ბევრ გოგოს ახასიათებს მცირე ასაკში. დიახ, ბავშვებს მოსწონთ მაღალი ქუსლები, ფუშფუშა ვარდისფერი კაბები. ეს ბუნებრივია, რადგან ბავშვი არიან მიმბაძველი არსებები და იმეორებენ იმას, რასაც აკეთებენ მათი დედები, ან პრინცესები მათ საყვარელ მულტფილმებში. ეს მისი ერთ-ერთი როლია. ასევე სხვა როლებსაც თამაშობენ ხო ბავშვები? თამაშობს ექიმის როლს, პოლიციელის, თუმცა პოლიციელის როლზე კონკურსი არ არსებობს, როგორც მოგეხსენებათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ხანდახან ქუსლებს იცმევს თქვენი შვილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე მიდრეკილება აქვს და აუცილებლად, მისი ბედნიერებისთვის სილამაზის კონკურსში უნდა მივაღებინოთ მონაწილეობა. 

- რა შეიძლება გააკეთოს დღეს განათლების სამინისტრომ ამ რისკების გათვალისწინებით?

-  ვიდრე, რაღა ტიპის რეგულაციები არ არსებობს, ალბათ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. გარდა იმისა, მივცეთ რჩევები და რეკომენდაციები. 

 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში