საარჩევნო ბარიერის გაუქმებით ახალგაზრდებს პოლიტიკაში შემოსვლის შანსი გეძლევათ - პრემიერი

30 ივნისი 2019, 22:49 1049 ნახვა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით დღეს, 30 ივნისს მიმართეს. ახალგაზრდები 20 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგზე მზაობას გამოთქვამენ.

ისინი წერილში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მოუწოდებენ, არ დაიშუროს ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.

დღის ბოლოს ღია წერილის ავტორებს, საქართველოს პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

პრემიერი ახალგაზრდებს მიმართავს და წერს, რომ ქვეყნის მომავალი მათ ხელშია. საარჩევნო ბარიერის გაუქმებით კი პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი ეძლევათ.

''მსურს, გამოვეხმაურო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე.

მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.

მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით.

ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!'' - წერია სტატუსში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში