ჯიხანჯურის საკარანტინე ზონად გამოცხადებას მოსახლეობა აპროტესტებს

03 თებერვალი 2021, 18:01 655 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინის გამოცხადებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა, ამიტომ ისინი ხელისუფლებას მიმართავენ მიიღონ შესაბამისი ზომები. 

სოფელში მსხვილფეხა პირუტყვში დაფიქსირებული  ცოფის შემთხვევის გამო  გამოცხადდა  კარანტინი. ეს იმას ნიშნავს, რომ 60 დღის განმავლობაში ამ სოფლების მცხოვრებლებს ეკრძალებათ ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის გაყიდვა, ასევე საკუთარი ეზოებიდან შინაური ცხოველების  გარეთ გაშვება და მსხვილფეხა პირუტყვის საძოვარზე გაშვებაც.

საკარანტინო შეზღუდვები არ ეხება მოქალაქეების გადაადგილებას. ჯიხანჯურის გარდა, სამი კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლებში ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო.  რაც შეეხება ცოფის გავრცელების რისკებს, ქობულეთის მერი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში