აჭარის მთავრობა ქონების მართვის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს - ბიუროს სხდომა

07 დეკემბერი 2021, 14:53 1268 ნახვა

აჭარის მთავრობა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. ინიციატივა უმაღლეს საბჭოში  უკვე შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით კომიტეტებში განხილვები იწყება. ცვლილების ავტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

უწყება ითხოვს, რომ  რეგიონის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა გრანტით ან საჩუქრად მიღებული ქონების განკარგვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე შეძლონ.

მოქმედი კანონით არასაბიუჯეტო თანხებით შეძენილი თუნდაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გამოყენებაზეც თორნიკე რიჟვაძის  ნებართვაა საჭირო. ცვლილებებსა და ახალ წესზე დეპუტატები 13 დეკემბრამდე იმსჯელებენ. კომიტეტებზე განხილვის საბოლოო ვადად ბიუროზე დღეს 14 დეკემბერი დაასახელეს.

ამავე სხდომაზე ცნობად მიიღეს მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში და ასევე განიხილეს 2022 წლის რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები.

მომავალი წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 454 მილიონი ლარი იქნება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში