ქართველი პარამოფარიკავეების მორიგი წარმატება მსოფლიო თასზე

23 სექ 2022

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ტურნირზე ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი 15:14 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 მოუგო.

ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ დაპირისპირებაში 15:14 სძლია და შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პიზის მსოფლიო თასზე დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.