უკრაინაში ბენქსის გრაფიტი მოიპარეს

03 იან 2023

უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში ბენქსის ფრესკის მოხსნაში ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება- განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური განცხადებით,  ნამუშევარი, რომელიც ასახავს   გაზის   ნიღაბში  ქალს, რომელსაც ხელში ცეცხლმაქრი უჭირავს, ქალაქ ჰოსტომელში კედლიდან 2 დეკემბერს  გაქრა. უწყების მიერ თავის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომელიც ამ ოპერაციის ორგანიზატორად მიიჩნევა, დაკითხვაზეა დაბარებული.

ცნობილი ბრიტანელი მხატვრის ნამუშევარი 9 მილიონ გრივნად, ანუ  244 ათას  ამერიკულ დოლარად  არის შეფასებული - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.  მოქალაქეების აქტიურობის  წყალობით პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა  დამნაშავეების დაკავება მოახერხეს.

ფრესკა ამოღებულია. ბენქსიმ დაადასტურა, რომ იგი უკრაინის  ომის შედეგად განადგურებულ ქალაქებში  შესრულებული ექვსი გრაფიტის ავტორია.