ქართველების გამოსვლა მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე

24 მარ 2023

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ანასტასია გუბანოვამ გამოსვლა დაასრულა. 20 წლის მოციგურავემ ორი დისციპლინის ჯამში 184.92 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა. დღეს ასევე მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილმა იასპარეზა. ყინულზე მოცეკვავე ქართულმა წყვილმა რიტმული ცეკვა შეასრულა, 33 მონაწილეს შორის ოცეულში მოხვედრა შეძლო და ასპარეზობას თავისუფალი ცეკვის შეჯიბრებაში გააგრძელებს. კაზაკოვა-რევიას გამოსვლა 69,43 ქულით შეფასდა, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა. საუკეთესო ამერიკელების, მედისონ ჩოკისა და ევან ბეიტსის წყვილი იყო 91,94 ქულით. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულა ქართულმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, რომელმაც მხოლოდ მე-19 შედეგი აჩვენა. კაცების მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილი 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ნიკა ეგაძე 29-ე იყო და იმ 24 მოციგურავეს შორის ვერ მოხვდა, რომლებმაც თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მოიპოვეს. 25 მარტს ყინულზე მოცეკვავე მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი თავისუფალი ცეკვის შეჯიბრებაში გამოვა, კაცების თავისუფალ პროგრამაში კი მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს.