ქართველი პარამკლავჭიდელების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

21 ივნ 2023

საქართველოს მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც მოლდოვის დედაქალაქმა კიშინიოვმა უმასპინძლა.

ქართველებმა ევროპირველობაზე 45 ოქროს, 48 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გავიდა და აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში აჭარიდან 6 სპორტსმენი ასპარეზობდა. წარმატებით იასპარეზა ხუთმა სპორტსმენმა. აჭარის მონაგარში საერთო ჯამში 11 მედალია, მათგან 6 - ოქროსა და 5 ვერცხლის. აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა გამარჯვებულ სპორტსმენებს სამინისტროში უმასპინძლეს.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი პარამკლავჭიდელები ამჟამად 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც აგვისტოში ყაზახეთი უმასპინძლებს.