09 ნოე 2023
ქობულეთში, ბეჟანიძეების საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცედურა იწყება. ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ოჯახის ახლობლები და უფლებადამცველები იმყოფებიან.
ოჯახის მეპატრონეები აცხადებენ, მათ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. ახალი მფლობელი კი, შეთავაზებულ თანხას არ თანხმდება და სახლის დაცლას ითხოვს.
ადგილზე იმყოფება კერძო მევახშეების მიერ დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბეჟანიძეების ოჯახს.

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში, ბეჟანიძეების ოჯახმა და უფლებადამცველებმა გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართეს და აჭარის მთავრობას სახლის მეპატრონესთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.
უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოსასახლებელთა სიაში დაახლოებით 200 ოჯახია.
შეგახსენებთ, რომ საბანკო დავალიანების გამო ბეჟანიძეების ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, "პროკრედიტ ბანკმა" 2016 წელს აუქციონის წესით გაყიდა.