ისრაელი ირანის თავდასხმას უპასუხებს - ისრაელის თავდაცვის ძალები

16 აპრ 2024

ისრაელის არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ირანს ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის გამო  საპასუხო ქმედებით დაემუქრა. ვიდეომიმართვა ისრაელის მოკავშირეების  მხრიდან თავშეკავებისკენ  მოწოდებების ფონზე გავრცელდა, რომლებიც ცდილობენ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია თავიდან აიცილონ. 

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 24 საათზე ნაკლებ დროში მეორედ მოიწვია  სამხედრო კაბინეტი,  რათა განეხილა საპასუხო ოპერაციის ვარიანტები.

ირანმა დამასკოში მის საელჩოს შენობაზე ისრაელის  საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით   300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა.  

ისრაელსა და ირანს შორის ღია ომის საფრთხის გამო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის არცერთ კონტრშეტევაში ირანის წინააღმდეგ.