მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

04 მაი 2024

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ქრისტეს საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ს აღდგომის ტაძარში, ქრისტეს საფლავზე შესვლის შემდეგ, საფლავი დაიხურა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე, თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

ისრაელ-ჰამასის ომის გამო, უსაფრთხოების წესები წელს განსაკუთრებულადაა გამკაცრებული. ტაძარში დაიშვებიან, მხოლოდ, ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ.

წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.