გვაქვს დამატებითი მტკიცებულებები, რომ შეიარაღება, რომელსაც უკრაინაში რუსეთი იყენებს, ჩრდილოეთ კორეიდან უკანონოდ არის იმპორტირებული - სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი

01 ივნ 2024

არსებობს დამატებითი მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული შეიარაღება ჩრდილოეთ კორეიდან უკანონოდ არის იმპორტირებული, - ამის შესახებ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, შინ ვონ-სიკიმ განაცხადა.

„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა ზრდის დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე და ასევე, გავლენას ახდენს ევროპაში საბრძოლო მოქმედებებზე“, - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

ვონ-სიკის თქმით, თუ ფხენიანი გააგრძელებს მოსკოვისგან სამხედრო ტექნოლოგიების მიღებას, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ასევე, მოუწოდა ჩინეთს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღებისთვის.