საგამოძიებო სამსახურმა სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 ივნ 2024

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს 2 700 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა ის, რომ თითქოს ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში მუშაობდა და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით.