ოკუპირებულ ცხინვალში ხმებს ითვლიან

08 აპრ 2017

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ  დეფაქტო რესპუბლიკის ცესკომ განაცხადა.  ეგრეთწოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ  16 საათისთვის  70-მდე პროცენტი შეადგინა. ოკუპირებული  რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ  კენჭისყრაში 4 ათას 800-მა ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა.

 ცხინვალის რეგიონში დღეს ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, რეფერენდუმიც მიმდინარეობდა სამხრეთ ოსეთისთვის „ალანიის სახელმწიფოს“ გადარქმევასთან დაკავშირებით. უმაღლესი თანამდებობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის- მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი,  პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბაბილოვი  და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალან გაგლოევი.  

ყველა კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას ემხრობა.  კენჭისყრას 80-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს  რუსეთიდან, არაღიარებული აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბახიდან, თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან.  არჩევნების წინასწარ შედეგებს  დღეს შუა ღამის შემდეგ გამოაცხადებენ, საბოლოო კი  კენჭისყრიდან 5 დღის შემდეგ გამოქვეყნდება.  

არჩევნებთან დაკავშირებით  ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 10 აპრილამდე ადმინისტრაციული საზღვრები ჩაკეტა.