ამჟამად საქართველოში ძველი კორონავირუსი ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

17 ოქტ 2024

 

ამ დროისთვის, ქვეყანაში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვირუსია ახალი კორონავირუსი, რომელიც აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ახლა ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, ახალი კორონავირუსი და რინოვირუსი.

მედიკოსმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ვირუსები, გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს, ისინი ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს.

„ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული. ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია. ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის. კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.