ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

18 ნოე 2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.

საბჭოს სხდომა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება. საკითხზე მთავარი მომხსენებელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იქნება.

საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.

ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.

ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე.