საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

22 იან 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა. ბრალდებული პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოულოდნელად, დანით თავს დაესხა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.