ისტორიაში პირველად, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს

26 იან 2025

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით პირველად იასპარეზებს. ლიცენზიანტთა რეიტინგები ევროპისა და მსოფლიოს კარატეს ორგანიზაცია EKO/WKO-მ გამოაქვეყნა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ⁠ლაშა შანთაძე (60კგ), ⁠ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ), ⁠ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), ⁠დავით მსხალაძე (-90კგ), ⁠გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).

"ქართველი სპორტსმენები კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ. მსოფლიოს პირველობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

 

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს პოლონეთში კონტაქტურ კარატეში ასპარეზობისას კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.