შსს-მ გამოძიება დაიწყო ქუთაისის კლინიკაში შეყვანილი ნაცემი ქალის საქმეზე

21 თებ 2025

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რეანიმაციიდან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მას დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში, ასევე კიდურებზე ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.