სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

02 აპრ 2025

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება.

პროცესზე, რომელიც 13:00 საათზეა დანიშნული, ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

უცნობია, თუ რა სახის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ - ეს იქნება გირაო, თუ პატიმრობა.

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.