ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშებას მასპინძლობს

24 ივნ 2025

ბათუმში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ჭადრაკში რვიდან 12 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის. ტურნირი ტრადიციულია და მას ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს. 10 დღის განმავლობაში ჩემპიონობისთვის 40-მდე ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე იბრძოლებს. ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

მსოფლიო თასის გათამაშების გარდა გაიმართება მწვრთნელთა ბლიც-ტურნირი, ასევე გათამაშდება საჭადრაკო კომპოზიციების თასიც.

აქვე გეტყვით, რომ 5-დან 28 ივლისის ჩათვლით ბათუმი ქალთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს.