ტურიზმის სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, 2024 წელს მივიღეთ რეკორდულად მაღალი, 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი, ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს - პრემიერი

27 ივნ 2025

მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით – 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქვეყანამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.

„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია  ორი მლრდ ლარია.

აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას, 2031 წელს შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში.