პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

17 დეკ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად, ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.