17 დეკ 2025
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთზე მოწყობილია სამი პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი.
მათივე ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12-კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი ექვსი კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები კი, აქტიურად გრძელდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და სახიდე ნაგებობების მშენებლობა.
„სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების – გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს. საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციედება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.