პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორი იქნება ნატო-ს პრიორიტეტები, ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად - პრემიერი

17 დეკ 2025

პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ნატო-ს, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ნატო-ს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა.

„ეს იყო ფარსი, სინამდვილეში, არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა ორჯერ – 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება. ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ნატო-ს პრიორიტეტები, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები. ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ანგარიშის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნაში როდესაც საუბარია იმ ადამიანების დაკავებებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ აქტებზე.

„დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ჰქვია აქტები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე, ევროპული ბიუროკრატიის ადგილას, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით, რომ საუბარია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს იყო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფერს დაერქვა სახელი, სახელი დაერქვა ე.წ. ენჯეოებს, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა, რეალურად, თავისი სახელი. საბოლოო ჯამში, ეს არ მოსწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში. აქაც, მათ ადგილას, მე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ე.წ. ენჯეოები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.