საკრებულომ 2026 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა

19 დეკ 2025

საკრებულომ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტი, 22 ხმით დაამტკიცა. საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა 570 მლნ ლარს შეადგენს.

მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა, ეკონომიკის განვითარება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მწვანე და სუფთა გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგიური პროექტებისა და მწვანე სივრცეების გაფართოება.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, გზების, ეზოების, სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობას, სანიაღვრე და კომუნალური სისტემების განვითარებას, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობას, ავარიული შენობების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, ბიუჯეტის საერთო მოცულობის 52 პროცენტი მოხმარდება.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას, ამ მხრივ ბიუჯეტი ქალაქის თითოეული მცხოვრების საჭიროებებზეა მორგებული და ბიუჯეტიდან ამ სფეროზე გამოყოფილი 35 მილიონამდე ლარი აისახება თითოეულ სეგმენტზე პროგრამული ბიუჯეტის შესაბამისად. განსაკუთრებით, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების, ხანდაზმულების, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და მათზე ზრუნვა. მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული თითოეული პროგრამა მოემსახურება ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და დაავადებათა გავრცელების რისკ-ფაქტორების შემცირებას.

2026 წელს პრიორიტეტულია სფეროა განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა. განათლების მიმართულებით, სკოლამდელი აღზრდის გაუმჯობესება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, შენობების კეთილმოწყობა, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, ბიუჯეტიდან 65 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდება, ხოლო, კულტურის მიმართულება, სპორტული და საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება, ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა - 37 მილიონზე მეტი ლარით.