უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ გაერომ  რეზოლუცია მიიღო

19 დეკ 2025

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციის სახელწოდებაა „ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და ითვალისწინებს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დარღვევების გაძლიერებულ მონიტორინგს.

გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნავს, რომ უარყოფს უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა იმ ადგილებში, სადაც დაკავებული ტყვეები იმყოფებიან, გაერო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

დოკუმენტს მხარი 79 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 73-მა თავი შეიკავა.