19 დეკ 2025
„ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ამ სახელწოდების დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა, 16 წინააღმდეგ წავიდა, 73-მა კი - ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ძალის გამოყენებით მიტაცება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
ორგანიზაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის, მათ შორის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების დროებით ოკუპაციას.
გაერო მოითხოვს, რომ რუსეთმა განახორციელოს ტყვეების სრული გაცვლა და გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის თურქეთიც არის, სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.