20 დეკ 2025
ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მინისტრმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებასა და ამ მიმართულებით, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც ისაუბრა.
„დღეს, ჯანდაცვა აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი რამ. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რაც ქვეყნის ყველა წერტილში უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, მაგრამ გვინდა ყოველთვის უკეთესი, კიდევ უფრო მეტი. ვფიქრობ, აღნიშნული შესაძლებლობები არსებობს. ეს ნიშნავს, მათ შორის, მკაცრ კონტროლს, რომელიც აუცილებელი პირობაა, იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორს, ბაზრის საკმაოდ მსხვილი სეგმენტი უჭირავს. სახელმწიფოს მხრიდან, რეგულირება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ორიენტირებული, დაიცვას თითოეული პაციენტის უფლება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დღეს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.