25 დეკ 2025
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 49 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა.
დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
ილია მეორის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა-მშენებლობა, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა. ასევე ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება. პატრიარქის ინიციატივით ჯვარდაწერილ ოჯახებში დაბადებული მესამე და მომდევნო შვილები ილია მეორის ნათლულები არიან. მის სახელს უკავშირდება არა ერთი საგალობლის შექმნა.