ეროვნული ბანკი საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

19 აგვ 2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7424-დან 2.7288- მდე, ანუ 0.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.0976-დან 3.1393-მდე, ანუ 1.3%-ით გაუფასურდა.

თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7236 და 3.1882 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7334 იყო, მინიმალური კი – 2.7236.

„ივნისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა თანაბრად იყო გადახრილი. ივნისში დოლართან მიმართებით შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება როგორც თვის, ისე წლის ჭრილში; შესამჩნევად გამყარდა რუსული რუბლი და ევრო, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა სომხური დრამი და ლარი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 1.6%-ით, თვის ჭრილში კი 0.5%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 3.6%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 0.1%-ით გაუფასურდა. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. სავაჭრო პარტნიორთაგან ივნისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.