უამინდობას ბათუმში არსებითი შეფერხებები არ გამოუწვევია - ბათუმის მერია

30 დეკ 2025

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება.

"ღამის განმავლობაში დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სამი შეტყობინება. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.

ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა ივანე მესხის ქუჩაზე, ხოლო ფასადი - ფიროსმანის ქუჩაზე. ყველა შემთხვევაზე განხორციელდება შესაბამისი რეაგირება.

გონიოსა და ახალი ბულვარის სანაპიროზე არსებულ პრომენადზე შტორმის შედეგად გამოირიყა ხრეში. გაწმენდითი სამუშაოები შტორმის ჩადგომისთანავე დაიწყება.

წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი",- აცხადებენ მერიაში 

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.