30 დეკ 2025
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი უწყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის შემაჯამებელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.
„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, გავიხედოთ წინ და დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი.
„მთავრობის შემადგენლობა სანახევროდ განახლდა, გუნდში გვყავს შვიდი ახალი მინისტრი, რომლებიც მიმდინარე წლიდან იკავებენ მინისტრების თანამდებობებს და მიმდინარე წელს თვისებრივად გაუმჯობესდა მთავრობის მუშაობის ხარისხი, მათ შორის, სწორედ, საკადრო ცვლილებების შედეგად. არაერთი ცვლილება განვახორციელეთ იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი. მთავრობის უკლებლივ ყველა აქტი არის გამჭვირვალე, რაც ქმნის ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ჩვენ თავადვე ვიზრუნოთ მუდმივად ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.