პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტი გახსნა, ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“

31 დეკ 2025

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი, პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელისსპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს. 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის ეს უმსხვილესი ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად გამოავლინეს, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით. მხოლოდ ბოლო შვიდო თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილიაქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი“, – განაცხადა დარახველიძემ.