03 იან 2026
პარლამენტის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები ამოქმედდა.
აღნიშნული კანონის ამოცანაა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის პრინციპების დანერგვა, მათი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან. კანონი არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს.
აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა. ამოქმედდა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის გამკაცრებული ზომები, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან ცხოველის მიმართ სხვაგვარ ძალადობას მოჰყვება.
აიკრძალა: ცხოველის ცემა, ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს, ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან წახალისება სხვა ცხოველის და ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ასევე ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება. აიკრძალა ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება.